«ჩემი 7 თვის შვილი სასიკვდილოდ გასწირეს სახელოვანმა ექიმებმა – ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ“

832
avia biltebi

ჩემი 7 თვის შვილი სასიკვდილოდ გასწირა საავადმყოფომ, ექიმმა და ქვეყანამაც კი. ჩემი 7 თვის შვილი ახლა 5 კილოგრამს იწონის… ჩემი 7 თვის შვილი თურქმა ექიმებმა იხსნეს გარდაუვალი დაღუპვისგან, – უყვება „ალიას“ სამი შვილის დედა ნონა ჯანჯღავა.

როგორც არ უნდა გამიჭირდეს, დღეიდან ქართველ ექიმთან შვილს აღარ მივიყვან, მაგრამ მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რა იმალება, ვინ იმალება კაბინეტების მიღმა, იმ კაბინეტების მიღმა, რომელთა კარზეც წარწერებია: ექიმი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი.

ორი თვის ასაკში ჩემს პატარას დაეწყო მუცლის ტკივილი და კუჭის ძალიან ხშირი მოქმედება, დღეში 10-15-ჯერ მაინც. მივედით ბათუმშიც ექიმთან, ქობულეთშიც – გვითხრეს, დისბაქტერიოზიაო. რა თქმა უნდა, ასე ერთი შეხედვით დასვეს დიაგნოზი – არანაირი ანალიზი. განვითარებული აქვთ ჩვენს ექიმებს მეექვსე გრძნობა, ტელეპათიურად ხედავენ დიაგნოზს – რაში გვჭირდება მაშინ ეს ძვირად ღირებული აპარატურები, ვისთვის ვაშენებთ საავადმყოფოებს?

დაუნიშნეს 7-8 დასახელების მედიკამენტი და კვება შემაცვლევინეს, – კუჭში შეკრავსო.

ორი კვირის შემდეგ, ზუსტად იგივე პრობლემით მივედით ექიმთან, ამჯერად სხვასთან, იმან სხვა მედიკამენტები გამოწერა, სხვამ კიდევ – სხვა. ორ-ორი კვირა თითქოს უკეთ იყო ხოლმე პატარა, მერე ისევ თავიდან იწყებოდა ეს კოშმარი.

მდგომარეობა დამძიმდა, როცა სტომატიტიც დაერთო ავადმყოფობას და მაღალი სიცხე. წავიყვანეთ ქუთაისში. ახლა იქ მირჩიეს კარგი ექიმი. რამდენიმე დღე დავყავით ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც, როგორც იქნა, დათესეს განავალი და დისბაქტერიოზი არ სჭირს, ტყუილად უმკურნალეთ ამდენი ხანიაო, – მითხრეს. ისევ საკვები შეუცვალეს, დაუნიშნეს პირღებინების საწინააღმდეგო და გამოგვისტუმრეს.

120 ლარი გადავიხადეთ ქუთაისის საავადმყოფოში. ეს 20 პროცენტია თანხისო, მითხრეს, დანარჩენ 80 პროცენტს სახელმწიფო გადაიხდისო.

რამდენიმე დღეში მდგომარეობა ისევ დამძიმდა. წამოვიყვანეთ ჩემი პატარა თბილისში, «ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში» – ნუგზარ უბერს როგორი სახელი აქვს, მოგეხსენებათ. საათობით უნდა იდგე რიგში, რომ გაგსინჯოს, გაწელილია რიგი დერეფნის ბოლომდე, ერთ წუთზე მეტ ხანს არ აჩერებს კაბინეტში პაციენტს. როგორ ახერხებდა 1 წუთში დიაგნოზის დასმას, მიკვირდა. ახლა ვიცი, როგორც ახერხებს – არ სვამს დიაგნოზს, მარჩიელობს, უბრალოდ მკითხაობს.

ავადმყოფობის ისტორიაც არ მომაყოლა, დიაგნოზი დაგვისვა – ძროხის რძის ცილის აუტანლობა და ექოსკოპიაზე გაგვიშვა სტენოზის გამოსარიცხად. ორი ექიმი იყო მიშტერებული ჩემი პატარას გულ-მუცელს – ექოსკოპისტი წინწკალაძე და ქირურგი შალამბერიძე. სტენოზი გამორიცხეს, რაღაც კვანძებს კი ვხედავთ ნაწლავებში, მაგრამ ეგ არაფერიაო.

ამ დროს ჩემი პატარა უკვე მწვანე ფერის სითხეს აღებინებს დღეში რამდენჯერმე.

გერმანელი პროფესორი იყო ამ დროს საავადმყოფოში, მიხეილ ლენცი, გასტროენტეროლოგი. არ ვიცი, რა ესაუბრეს, ან იმან რა უპასუხა, მე გერმანული არ ვიცი და იმან – ქართული. ხოდა, ამ გერმანელმა პროფესორმაც იგივე დიაგნოზი დასვაო, – მითხრეს.

ვის უნდა ვანდო ავადმყოფი შვილი, თუ არა ექიმს, თუ არა პროფესორს?

დაგვინიშნეს ახალი წამლები და კვება შეგვიცვალეს ამჯერადაც.

ერთ თვეში ისევ ღებინებითა და მაღალი სიცხით მივადექით ჰოსპიტალ «მედიქალსიტს», სადაც პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ტონიამ მიგვიღო. ექოსკოპია გადაიღეს, ბარიუმით გააკეთეს

კვლევა და დიაგნოზი დასვეს. არც მეტი, არც ნაკლები – მწვავე ბრონქიტი და სურდო. შენახული მაქვს ეგ ფორმა-100. ერთი კვირა დაგვტოვეს, სანამ დაზღვევის თანხა გვეყო და მერე გამოგვიშვეს.

ზუსტად ერთ კვირაში ისევ ჟვანიას კლინიკას მივადექით, იგივე სიმპტომებით, ისევ ჩავდექით რიგში პროფესორებთან და მედიცინის დოქტორებთან. ერთი კვირაც აქ გაგვაჩერეს – ჟვანიას საავადმყოფოდან წამოღებულ ფორმა-100-ში დიაგნოზი გვიწერია – რეფლუქსი, ანუ ღებინება და აბსორბციის დარღვევა, გამოწვეული საკვების აუტანლობით.

შეიძლება თვეების ბავშვის დიაგნოზი იყოს ღებინება? შეიძლება დიაგნოზი იყოს ღებინება?

სიცხიანი, 38,5 სიცხით წამოვიყვანე ბავშვი საავადმყოფოდან. ექიმმა გვითხრა, – არა უშავს, სიცხიან ბავშვებს პირველად კი არ ვწერთ, ეს არ არის პრობლემაო.

სიცხე ვერ დავუწიეთ, ვატყობდი, რომ ყველა საათში მძიმდებოდა ჩემი შვილის მდგომარეობა, ვატყობდი, რომ ხელიდან მეცლებოდა. იმავე დღესვე გავაკეთე საბუთები და თურქეთში წავიყვანე, კლინიკა «იმპერიალში».

კლინიკაში მისვლისთანავე ჩემს პატარას ამდენი მედიკამენტოზური მკურნალობისგან, ერთი თირკმელი გაუჩერდა.

ჩემს შვილს სჭირდა სტენოზი, ის სტენოზი, რომელიც ქართველმა პროფესორებმა არაერთხელ გამორიცხეს – ჰქონდა ნაწლავების თანდაყოლილი ანომალია. ამდენი თვის არასწორი მკურნალობის დამსახურებით, ჩემი 6 თვის შვილს, მსხვილი და წვრილი ნაწლავის შეერთების ადგილას, განგრენა ჰქონდა დაწყებული, გახეთქილი ჰქონდა ნაწლავი, – სასწაულია, რომ ჩამოაღწიეთო, – მითხრეს. მეორე დღესვე გაუკეთეს ოპერაცია.

იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციას გართულებები მოჰყვებოდა, იმიტომ რომ, ნაწლავები იმდენად იყო უკვე გადახლართული, შეიძლება ვერ ჩატარებულიყო ოპერაცია წარმატებით. იმ ზოლის ამოჭრის შემდეგ, სადაც განგრენა იყო დაწყებული, როგორ დაიწყებდა ნაწლავი აღდგენას და ფუნქციონირებას, ამასაც წინასწარ ვერავინ ამბობდა.

უფლის წყალობით, გადავრჩით.

თურქმა ექიმებმა მკითხეს, – ნუთუ, ექიმთან არ ყოფილხართ? ნუთუ, პედიატრმა ქირურგთან არ გაგიშვათ? ნუთუ, ბავშვი მწვანე მასას რომ აღებინებდა და სიცხეს დაბლა ვერ უწევდნენ, ვერ მიხვდნენ, რა სჭირდაო?

მე ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ დაფიქრებულიყვნენ, რომ დაყოვნებულიყვნენ ჩემს შვილზე ფიქრით, მცირე ხანი რომ მოესმინათ ჩვენთვის, მიხვდებოდნენ, აუცილებლად მიხვდებოდნენ. არ უნდათ, არ სცალიათ, მეტი და მეტი პაციენტი უნდათ დღეში მოასწრონ. ერთი მორიგე ექიმი იყო ჟვანიას კლინიკაში, ქეთი ერქვა, ის არ ეთანხმებოდა უბერის დიაგნოზს და მკურნალობის შეცვლაც სცადა, მაგრამ ისეთი ხმაური მოჰყვა ამ ამბავს, როცა უბერმა შეიტყო.

რა არის ახლა სტენოზი – უბრალოდ რომ ავხსნა, ეს არის ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ან მოშლა. ჩემი შვილის ნაწლავებს თავიდან ფუნქცია დარღვეული ჰქონდა, მერე საერთოდ მოეშალა და ის მასა, რაც წვრილი და მსხვილი ნაწლავიდან თორმეტგოჯა ნაწლავში უნდა გადასულიყო, არ გადადიოდა და ტრიალებდა წვრილ და მსხვილ ნაწლავში, ან უკან ამოჰქონდა პირღებინების საშუალებით. საკვების ნარჩენები, რომლებიც ნაწლავებში ტრიალებდა დაუსრულებლად და გარეთ ვერ გამოდიოდა, დღითი დღე ლპებოდა. ამან გამოიწვია განგრენა.

არ ვიცი, რომელი ექიმით დავიწყო – რომელს მოვთხოვო პირველს პასუხი. ალბათ, მაინც პროფესორებით უნდა დავიწყო, რადგან ისინი, ამ თავისი პროფესორის სტატუსით, მეტ ნდობასა და იმედს გვაძლევენ და მეტი პასუხისმგებლობაც მოეთხოვებათ. რა დამსახურებისთვის შეიძლება პროფესორობის ჩამორიგება, უნდა ჰქონდეს თუ არა მედიცინის დოქტორს ადამიანობა და იმის ნება, რომ კარგად გამოიკვლიოს პაციენტი, რომელიც მასთან ერთი და იგივე სიმპტომით ზედიზედ მოდის და სიცხიანს უშვებს სახლში.

როგორ შეიძლება სტენოზი და კუჭ-ნაწლავის პრობლემა აგერიოს ექიმს ბრონქიტში (ჰოსპიტალ «მედიქალსიტის» პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ტონია), როგორ შეიძლება განგრენიანი პატარა გაწერო დიაგნოზით – აბსორბციის დარღვევა, გამოწვეული საკვების აუტანლობით (გ. ჟვანიას კლინიკა – ნუგზარ უბერი).

მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ: რა და ვინ არის ექიმი – სახელი და გვარია კაბინეტის კარზე აკრული? მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ – რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი, რას მოუტანს მათ ეს?

რაც შეეხება სახელმწიფოს – ჯანდაცვის სამინისტრომაც და გამგეობამაც დახმარებაზე უარი მითხრა. სანამ ოპერაციის გასაკეთებლად გაიქცეოდი თურქეთში, მანამდე ჩვენთან უნდა მოგეტანა საბუთები, უნდა დაგვლოდებოდი, როდის დაგიფინანსებდით და მერე უნდა წასულიყავითო.

ექიმების დასკვნა მაქვს, რომ ჩემი შვილისთვის ყველა საათი მნიშვნელოვანი იყო, არათუ დაფინანსებისთვის ორი თვე ლოდინი.

ყველა ფორმა-100, ყველა დიაგნოზი, ყველა რეცეპტი შენახული მაქვს.

როგორ, ქართველმა ექიმებმა დიაგნოზი დასვეს, ოპერაცია დანიშნეს და მე მაინც თურქეთში გავიქეცი? როგორ, მე მინდოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ჩემი 6 თვის შვილის წაყვანა ამხელა გზაზე?

ვახსენე, ქუთაისში, 120 ლარი გადავიხადე და ეს თანხის 20 პროცენტი იყო-მეთქი – არადა, სიცხის დამწევი სანთელი, რომლის მესამედსაც უკეთებდნენ, სულ რამდენიმე კაპიკი ღირს. ვის ჯიბეში დებს სახელმწიფო ამ 80 პროცენტს და რაში იხდის, რატომ არ ამოწმებს, რატომ არ აკონტროლებს? ტუალეტის ქაღალდი და საპონი არ გვხვდება საავადმყოფოებში – რის თანხას, მაინც რის თანხას იხდის სახელმწიფო?

7 ათას დოლარამდე დამიჯდა ჩემი შვილის გადარჩენა. ახლა, ცოტა ხანში, უნდა წავიყვანო ისევ გამოკვლევებზე, საბოლოო შედეგში რომ დავრწმუნდეთ. სიკვდილს გადავარჩინე ჩემი შვილი, ქართველი ექიმების ხელიდან სიკვდილს გადავარჩინე, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს არ აინტერესებს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს, ჩემს ქვეყანაში, ჩემი ჯანმრთელობის დაცვას, მაგრამ, არც სხვა ქვეყანაში მიფინანსებს მკურნალობას.

ყველა დღე ვკითხულობ, როგორ დაეღუპა რომელიმე ექიმს პაციენტი და სულ ვფიქრობ, იქნებ, იქნებ სხვაგან გადაერჩინათ…

ჩემი პატარა, რომლის მდგომარეობაც ასე მძიმე იყო, ქუთაისშიც და თბილისშიც იწვა ენტეროვირუსით და ვირუსით დაავადებული ბავშვების გვერდით, რომელიმე დაავადება რომ გადასდებოდა, მდგომარეობა ხომ მეტად გართულდებოდა? ფულიც რომ გადაიხადოთ, ცალკე პალატაში ვერ მოგათავსებთ, ადგილი არ გვაქვსო, – გვეუბნებოდნენ.

რამდენი ადგილიც აქვთ, იმდენი პაციენტი რომ მიიღონ, რა მოუვათ? მაგრამ, არა მეტი და მეტი პაციენტი უნდა მიიღონ, მეტი პაციენტი და მეტი დაფინანსება, მეტი პაციენტი და მეტი ჩარიცხვები – ჩვენს შვილებს სასიკვდილოდ სწირავენ, ახალი დაავადებებისთვის იმეტებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებების საფრთხეს არ ერიდებიან.

სანამ ესენი: სახელმწიფო და საავადმყოფოები, დაზღვევები და ექიმები, ჯანდაცვის სამინისტრო და პროფესორები – ჩემს ფულს ინაწილებენ და იყოფენ, ჩვენს ფულს ურიცხავენ ერთმანეთს და იჯიბავენ, ჩვენ ვიხოცებით, ჩვენი შვილები იხოცებიან.

„ალია“, თამო კეშელავა

Facebook კომენტარები
Loading...